არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ზვიად კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ააიპ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ - ზვიად კუპრავაზე, სანდრო ბრეგაძის და მის თანხლები პირების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები, დაიწყონ გამოძიება, რომელსაც წარმართავენ ეფექტურად და გამჭვირვალედ, ხოლო მოძალადე პირები მყისიერად მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

მიგვაჩნია, რომ თავდასხმის დროს გაკეთებული განცხადებები სამართლიანად აჩენს საფუძლიან ეჭვს, რომ ფიზიკური ძალადობა მოტივირებული იყო დისკრიმინაციის ნიშნით, რაც ზვიად კუპრავას სამოქალაქო და პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.

 

განსკუთრებით შემაშფოთებელია, ის ფაქტი, რომ ეს არაა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ძალადობის პირველი შემთხვევა. მიგვაჩნია რომ, მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება  საფრთხეს უქმნის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამავდროულად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ლგბტ საქართველო
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)