GDI-ის დახმარებით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მოძალადე ქმრისგან ქალისა და მათი არასრულწლოვანი შვილების დასაცავად დამცავი ორდერი გამოსცა

ძალადობის მსხვერპლი ლოლა ზ.ს  და მისი შვილების, როგორც ძალადობის მოწმე ბავშვების, უფლებების დაცვის მიზნით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  2017 წლის 24 ოქტომბერს მოძალადისაგან დამცავი ორდერი გამოსცა.

 

2017 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურიდიული დახმარებით ლოლა ზ.-მ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. 24 ოქტომბერს გაიმართა სხდომა, სადაც განმცხადებელი მოძალადე მეუღლისთვის გარკვეული ქმედებების, მათ შორის, ძალადობის შემსწრე არასრულწლოვან შვილებთან მიმართებით, უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

 

მოძალადე მალხაზ ზ.-ს აეკრძალა საცხოვრებელ, სამუშაო, სასწავლო  და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ლოლა  და მისი შვილები იქნებიან. ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და შვილების მიმართ  რაიმე სახის ფსიქოლოგიური ზეგავლენის, დაშინების, დათრგუნვის განხორციელება.

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით  6  თვეს შეადგენს.

 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ლოლა ზ.-ს ინტერესებს იცავს პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება East-West Management Institute, PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას. Promoting Rule of Law in Georgia Activity - PROLoG