GDI საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებების არაოფიციალურ თარგმანს აქვეყნებს

2017 წლის 19 ივნისს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ვენეციაში 16-17 ივნისს გამართულ 111-ე პლენარულ სხდომაზე შემუშავებული მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე, რომელიც მას საქართველოს ხელისუფლებამ შესაფასებლად 2017 წლის 8 მაისს გადაუგზავნა.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გთავაზობთ ამ დოკუმენტის არაოფიციალურ თარგმანს ქართულ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებები დიდწილად ემთხვევა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მოსაზრებებს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კერძოდ: 

კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და აღნიშნა, რომ ეს „შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პარტიების უმეტესობის დიდი ხნის მოთხოვნასთან და მისასალმებელია.“

5%-იანი ბარიერის განსაზღვრა, კომისიის მოსაზრებით, ასევე არ ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს.

საარჩევნო ბლოკების გაუქმება კომისიამ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილება ხელს შეუშლის მცირე პარტიებს, გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი და ქმნის დაკარგული ხმების რაოდენობის გაზრდის საშიშროებას.“ 

გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემის შესახებ კომისია აცხადებს, რომ „საეჭვოა, თუ რამდენად შეესაბამება ეს მექანიზმი, ზოგადად, თანასწორ საარჩევნო ხმაზე ამომრჩევლის უფლებას.“ ხოლო 5%-იან ბარიერთან და საარჩევნო ბლოკების აკრძალვასთან ერთად, აღნიშნული გავლენის თანასწორობის პრინციპის სერიოზულ დარღვევას იწვევს. შესაბამისად, კომისიის აზრით, „მკაცრად რეკომენდებულია, რომ გაუნაწილებელი მანდატების კონსტიტუციური კანონის პროექტით შემოთავაზებული განაწილების სანაცვლოდ განხილული იქნეს შემდეგი სხვა ალტერნატივები, როგორიცაა მანდატების პროპორციული გადანაწილება ან ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელმაც 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა; ან იმ დაკარგული ხმების რაოდენობისთვის მაქსიმუმის დაწესება, რომელიც უნდა მიეცეს გამარჯვებულ პარტიას ისე, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდეს ფუნქციონირებადი, მაგრამ არა ჭარბი საპარლამენტო უმრავლესობა; ანდა ბარიერის დაწევა 2 ან 3 პროცენტამდე, ამ გზით პროპორციული სისტემა ასევე  შეეხება მორჩენილი მანდატების განაწილებას.“

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებასთან დაკავშირებით კომისიამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებს, თუმცა, საარჩევნო სისტემის სხვა ცვლილებების გათვალისწინებით, ახალი მოდელით „პრეზიდენტი, ძალზე სავარაუდოა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი იქნება. ეს შედეგი შეიცავს რისკს, რომ საფრთხე შეუქმნას პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის, (შეზღუდულ) როლს და შეასუსტოს კონტროლისა და წონასწორობის სისტემა, რომელიც შექმნილია კონსტიტუციური კანონპროექტით.“