შეხვედრები რუსთავში, მარნეულსა და ყარაჯალაში

2016 წლის 13-14 აპრილს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციტივამ“ შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციების, რეგიონული მედიისა და ადგილობრივი რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა ნიშნით უმცირესობაში მყოფი თემის წარმომადგენლებთან ქ.რუსთავში, ქ.მარნეულსა და სოფელ ყარაჯალაში. შეხვედრები გაიმართა პროექტის „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთი მართვის ინსტიტუტის“ (EWMI), (PROLoG) - USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო პროექტის არსი, მიზნები და ამოცანები. ისაუბრა უმცირესობათა უფლებების დაცვის, მათი მხარდაჭერის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონებში მცხოვრები რელიგიური, ეთნიკური და გენდერული ნიშნით უმცირესობების პრობლემებზე და გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი პრაქტიკაში აწყდებიან როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებს.

 

ასევე, გამოიკვეთა მათთვის საკანონმდებლო თუ, ხელისუფლების მხრიდან სხვა სახის ბარიერების შექმნის შემთხვევები.

 

რუსთავში დისკუსიის პროცესში წამოიჭრა შემდეგი საკვანძო საკითხები:

 

- გაირკვა, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არ არიან ინფორმირებულნი მათი უფლებების შესახებ და უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დგას ცნობიერების ამაღლების საკითხი.

 

- თარჯიმნის ინსტიტუტის ფორმალური არსებობა საჯარო დაწესებულებებში ვერ უზრუნველყოფს ადეკვატური მომსახურების გაწევას დაინტერესებული პირებისათვის, მათი ქაოტური წესით არჩევისას არ ექცევა ყურადღება საბაზისო სამართლებრივი ტერმინოლოგიის ცოდნას, რაც მომავალში სხვა პრობლემების დასაბამად იქცევა. განსაკუთრებით ეს ეხება პენიტენციალურ სისტემას, სასამართლოებს,დაკავებულებს თუ წინასწარ პატიმრობაშიმყოფი ადამიანების უფლებებს.

 

- ენობრივი ბარიერის პრობლემა აქვთ ქ.რუსთავის არაქართული ეთნოსის წარმომადგენლებს რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათ ურთიერთობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან.

 

- დისკუსიის პროცესის მონაწილე მხარეებმა ისაუბრეს ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობაზე, და აღნიშნეს, რომ არ მოქმედებს მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხშირია საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებისა და მოძალადეთა დაუსჯელად დატოვების კონკრეტული შემთხვევები.

 

მარნეულში შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნლოვან პრობლემებზე როგორებიცაა:

 

-ნაადრევი ქორწინება და სოფლის უხუცესების – აღსაკალების ინსტიტუტი, რომლებიც განიხილავენ და წყვეტენ საზოგადოებრივ და საოჯახო პრობლემებს, მათ შორის ნაადრევი ქორიწინების საკითხსაც.

 

- ასევე გამოიკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის მიხედვითაც იმ მსჯავრდებულს რომელსაც ბარათზე არ გააჩნია საკვების შესაძენი თანხა უწევს ციხის სასადილოში არსებული საკვების მიღება რაც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მათ მრწამსს (მაგ. ღორის ხორცის მირთმევა და აშ) ნახევრად ღია და ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამაზანის პერიოდში მორწმუნე მსჯავრდებულები ინახავენ მარხვას მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, რის შემდეგაც მათ არ აქვთ საშუალება მიირთვან საჭმელი, რადგან ამ პერიოდში სასადილო დაკეტილია.

 

-პრობლემურია მარნეულში პედაგოგების საკითხი, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ჩააბარონ აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა.

 

-შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მარნეულის რაიონში, სოფელ სადახლოსთან, საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე სოფელ თაზაქენდში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც მწვავედ დგას მიწის რეგისტრაციის პრობლემა, სწორედ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

 

სოფელ ყარაჯალაში შეხვედრის მონაწილე პირები აპელირებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმზე რომელიც გამოწვეულია ქართული ენის არცოდნით.

 

-მათი განცხადებით ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ვერ უყურებს ქართულ არხებს და ვერ კითხულობს ქართულ პრესას.

 

-ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის გამო აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ახალგაზრდები ვერ აბარებენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში და ვერ ახდენენ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში.

 

-ყარაჯალაში კვლავ მწვავედ დგას ნაადრევი ქორწინების საკითხი.