აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები ეხმიანებიან

2019 წლის 30 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა განაცხადა, რომ ტელევიზია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და განსაკუთრებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საფრთხის წინაშეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და რისკის ქვეშ აყენებს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საფრთხეზე ჯერ კიდევ აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დასმისას ვსაუბრობდით.

აჭარის ტელევიზია და რადიო რამდენიმე წელია არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა როგორც მიუკერძოებელი  მედიასაშუალება მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოში.

მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყანაში მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტთა მოთხოვნას სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ყურადღებით ვაკვირდებით აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გარშემო მიმდინარე პროცესებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი (JRC)

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი - AB

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

მწვანე ალტერნატივა საქართველო

მედიის განვითარების ფონდი