ადამიანის უფლებები საქართველოში 2023

GDI წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს „ადამიანის უფლებები საქართველოში 2023“. ანგარიშში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2023 წელს არსებული მდგომარეობა. დოკუმენტში თემატურად არის მიმოხილული  წლის ის ძირითადი მოვლენები, რომელთა ანალიზი აჩვენებს, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის სფეროებში.

2023 წელს საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა „რუსული კანონი“, რომელიც წარმოადგენდა უპრეცენდენტო ინსტიტუციურ თავდასხმას საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებზე. კანონპროექტს პირველ ეტაპზე იდეურად, ხოლო შემდგომ საპარლამენტო უფლებამოსილების ფარგლებში მხარი დაუჭირა და პირველი მოსმენით მიიღო მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ქართულმა ოცნებამ. კანონპროექტი რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის რეპრესიული შედეგების გათვალისწინებით, წარმოადგენდა საფრთხეს ქართული დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. კანონპროექტის წინააღმდეგ მწვავე კრიტიკისა და ხალხმრავალი დემონსტრაციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და ჩააგდო. მიუხედავად ამისა, GDI-ის დაკვირვებით, ქვეყანაში შენარჩუნდა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მტრული გარემო, რომელიც გამოიხატა სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიაში, აგრესიულ რიტორიკასა და თავდასხმებში; შენარჩუნდა ხელისუფლების მხრიდან სივრცის შეზღუდვა სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ამ მხრივ საყურადღებოა სახელოვნებო სფეროსთვის გამართულ ტრენინგზე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები და ე.წ. „რევოლუციის“ საბაბზე დაყრდნობით დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხნენ ხელოვნების სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

გამოხატვისა და მედიის თავისუფლების კუთხით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტი. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება და მათზე ზეწოლა. ამასთან, პარლამენტში მედიის აკრედიტაციისა და უსაფრთხოების ახალი წესებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღების შედეგად შეიქმნა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების ახალი რისკები. რაც შეეხება კანონმდებლობისა და სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენების პრაქტიკას, ამ მხრივ გაგრძელდა ცილისწამების საბაბით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის მედიის წინააღმდეგ სარჩელების (SLAPP-ების) ტენდენცია და გამოვლინდა ონლაინ სივრცეში გამოხატვისთვის დაჯარიმების საშიში პრეცედენტები. გარდა ამისა, ისევ საგანგაშოა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული და მადისკრედიტებელი რიტორიკა.

შემოქმედების თავისუფლების მხრივ, კულტურის სფეროში სავარაუდო საკადრო წმენდის ფონზე, საყურადღებოა, რომ 2023 წელს რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა კულტურის სფეროში სხვადასხვა დაწესებულებებიდან თანამშრომლების გათავისუფლების უკანონობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია კინოცენტრსა და მწერალთა სახლში ხელმძღვანელთა დანიშვნის მიმართ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი სფეროს დამოუკიდებლობის დასაცავად.

2023 წელს კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზება. კერძოდ, მარტში ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგ გამართული საპროტესო აქციები სამართალდამცავებმა კანონის დარღვევით და არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაარბიეს. გარდა ამისა, გაგრძელდა სამართალდამცავთა მიერ ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებისა და სასამართლოს მიერ მათი გასამართლებისა და დასჯის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და ინსტრუმენტად იყენებს ამ სტანდარტებთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.  შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებლად  ჩარევის გარდა, ხელისუფლება კვლავ არ არსულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ლგბტქი+ თემის წევრებისა და მხარდაჭერების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა.  კერძოდ, 2023 წლის 8 ივლისს სიძულვილის ჯგუფებმა „პრაიდ ფესტივალი“ ჩაშალეს, რისი პრევენციისთვისაც ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები და არსებითად დაირღვა ლგბტქი+ ადამიანთა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებები. გარდა ამისა, შეკრების თავისუფლების კუთხით, საგანგაშოა კანონმდებლობის გაუარესების საფრთხეც.  პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ადგენს შეკრება-მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის აკრძალვის ახალ საფუძვლებს. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. კანონპროექტებით შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკები გააკრიტიკა როგორც სახალხო დამცველმა, ისე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR).

თანასწორობის დაცვის კუთხით, 2023 წელს, სამწუხაროდ, გაუარესდა კანონმდებლობა. კერძოდ, თავდაცვის სფეროში მიღებული მოწესრიგებით ალტერნატიულ შრომითი სამსახურს დაექვემდებარნენ სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმებით გათავისუფლებული არიან სამხედრო ვალდებულებისგან. შესაბამისად, სხვა არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციები/რელიგიური უმცირესობები უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობის მხრივ,  გამოწვევას წარმოადგენდა ანტი-ლგბტ რიტორიკაც, ასევე პრობლემური იყო სამოქალაქო საზოგადოებასთან არასათანადო თანამშრომლობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებისას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სასამართლოებმა დაადგინეს სხვადასხვა ა(ა)იპ-დან თუ საჯარო დაწესებულებიდან  გათავისუფლებათა უკანონობა შრომით დავებში, რომლებშიც მოსარჩელეები თავიანთ გათავისუფლებებს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებდნენ.

2023 წელს შენარჩუნდა სერიოზული გამოწვევები სასამართლო სისტემაში. ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის ფონზე, შეუსრულებელი რჩება ევროკომისიის რეკომენდაცია სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, სადაც მხოლოდ შეზღუდული პროგრესია. გარდა ამისა, კვლავ აღმოუფხვრელია სასამართლო სისტემაზე არაფორმალური გავლენები, რასაც მიუთითებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესება მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებზე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი და საკადრო ცვლილებები სასამართლო სისტემაში. ამასთანავე, 2023 წელს პრობლემური იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა ჩატარება და მიმდინარეობა.

უფრო ფართო კონტექსტში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციასთან ერთად, ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით გამოყო შემდგომი 9 ფუნდამენტური ნაბიჯი ინსტიტუციური რეფორმების, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების, ანტი ევროპულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების და სხვა ფუნდამენტური საკითხების გამოსწორების კუთხით.

დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა მოითხოვს პოლიტიკური ნების არსებობას, რაც გამოიხატება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე ზრუნვაში და სამართლის უზენაესობის პატივისცემაში. ეს არის ის საფუძველი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა. ანგარიშში განხილული გამოწვევების გადაჭრა კი სწორედ ამ მშენებლობის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც არსებითი გავლენა ექნება როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, ისე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამდენად კეთილდღეობის მიღწევაზე.

ანგარიშის სრული ვერსია