2016 წლის 27 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამართა ანგარიშის „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I თავის შესრულების შესახებ“ პრეზენტაცია.
ანგარიშის მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის I თავით (სისხლის სამართლის მართლმსაჯულება) გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისი უწყებების მხრიდან შესრულების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება.
ანგარიში მოიცავს 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობების მონიტორინგის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ აქტივობები უმეტესწილად დაკავშირებულია საკანონმდებლო წინადადებების მომზადებასთან.
ანგარიშის ფარგლებში გამოვლინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყებები ნაწილობრივ ან სრულად ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს, თუმცა ყველა მათგანი არაა მიმართული დასახული ამოცანისა და მიზნის მიღწევისაკენ.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ან უფრო გვიან საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის და დაცვის მხარის უფლებების გაუმჯობესებისაკენ, დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი ვერსიების შემუშავება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დახვეწისათვის გაუმჯობესდა მსაჯულთა დაბარების და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული პროცედურები და სხვა. მიუხედავად ამისა, მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვის, აგრეთვე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში პირადი ცხოვრების უფლების დაცვის კუთხით. აღნიშნული მიმართულებებით პასუხისმგებელი უწყებების საქმიანობა უარყოფითად შეფასდა იმ თვალსაზრისით, რომ მათ ან საერთოდ არ განუხორციელებიათ ასეთი საქმიანობა, ან განხორციელებული საქმიანობა არ აღმოჩნდა საკმარისი მიზნის მისაღწევად. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში იგი წინააღმდეგობაში მოდის თვით დასახულ მიზანთან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც მიუხედავად კანონმდებლობის უცხოურ სტანდარტებთან დაახლოების მცდელობისა, მნიშვნელოვნად აკნინებს დაცვის მხარის შესაძლებლობებს და ეწინააღმდეგება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპს. უარყოფითად უნდა შეფასდეს ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საგნობრივი და ტერიტორიული განსჯადობის შემოსაზღვრა, რომელიც მანამდე არსებული ნორმებისგან განსხვავებით აღარ მოიცავს გაფართოებისპერსპექტივას.გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიგ შემთხვევებში პასუხისმგებელი უწყებები არ იცავენ სამოქმედო გეგმით დადგენილ ვადებს და აქტივობებს ვადაგადაცილებით ასრულებენ.
გარდა პასუხისმგებელი უწყებების მიერ შესრულებული აქტივობების შეფასებისა, ანგარიშში შეფასებულია ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ მომზადებული 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შენიშვნა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები წარმოდგენილია მხოლოდ დადებითი კუთხით. მასში საერთოდ არ არის მითითებული იმ აქტივობების შესახებ, რომლის განხორციელებაც ევალებოდათ შესაბამის უწყებებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვადაში და არ განუხორციელებიათ.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მომზადებულ ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამოქმედო გეგმაში არსებულ ინდიკატორების საკითხს, ასევე, შეფასდა 2016-2018 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ანგარიშის მიზანი არაა რომელიმე სამთავრობო უწყების კრიტიკა, არამედ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრასა და სამთავრობო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობების სამოქმედო გეგმის მიზნებთან შესაბამისობას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესებას.
ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ადამიანის უფლებათა სამდივნოს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.
ანგარიში მომზადებულია პროექტის „ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში. პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.