სიახლეები

21
აპრილი2020

ხელისუფლება პანდემიის მიზეზით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას კვლავ იყენებს კრიტიკული აზრის შესაზღუდად

საგანგაშოა ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ფაქტები. ცალსახაა, რომ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას უფლებების გაუმართლებლად შეზღუდვისთვის ბოროტად იყენებს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას, 2020 წლის 16 აპრილს, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის გამო, თეიმურაზ პატარიძის 3000 ლარით დაჯარიმება წარმოადგენს.

სოციალურ ქსელში, თავად თ. პატარიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ის, მარტო, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელისუფლების მიერ დაწესებულ საგანგებო მდგომარეობის პირობებს აპროტესტებს. მისივე განცხადებით კი ირკვევა, რომ პოლიციამ მისი პროტესტი მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-5 მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობად მიიჩნია. დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება შეკრება ან მანიფესტაცია.

აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გამოხატვის თავისუფლების სპეციალური ფორმა, საქართველოს კონსტიტუციის ცალკე მუხლით არის დაცული. პროტესტი, თუ ის გამოხატულია ინდივიდუალურად, ერთი ადამიანის მიერ და  არ უკავშირდება ადამიანთა შეკრებას, დაცულია არა შეკრების, არამედ აზრის გამოხატვის თავისუფლებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობით შეიზღუდა მხოლოდ შეკრების თავისუფლება და ის აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეხებია. შესაბამისად სამართალდამცავთა მიერ, საჯარო სივრცეში ინდივიდუალური პროტესტის შეზღუდვა სცდება ხელისუფლების საგანგებო უფლებამოსილებებს და ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ თ. პატარიძის შემთხვევა, არ არის პირველი, როდესაც სამართალდამცავები შეკრებისა ან მანიფესტაციის შეზღუდვას პროტესტის გამოხატვის უფლების შეზღუდვად განიხილავენ. 2020 წლის 01 აპრილს, ქუთაისში ადგილი ჰქონდა  გოგი წულაიას მიმართ გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის მცდელობის ფაქტს.  მსგავს შემთხვევათა სიმრავლე კი ხელისუფლების მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს, გასცდეს საგანგებო მდგომარეობის არსებობის რეალურ მიზნებს და ის მისი პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღად გამოიყენოს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოეკიდოს საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოხატვის თავისუფლების, ისევე, როგორც ადამიანის ყველა სხვა უფლების შეზღუდვის საკითხს. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის იარსებებს მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები საგანგებო მდგომარეობის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე.

GDI დაიცავს თ. პატარიძის ინტერესებს და მისი სახელით, სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.