GDI ეხმაურება პრაიდ ფესიტვალის ჩაშლას

GDI ეხმაურება დახურული ღონისძიების - პრაიდ ფესტივალის ჩაშლას და მიაჩნია, რომ 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

აშკარაა, რომ შსს-ს ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მსვლელობის შეჩერება ფაქტობრივად არ უცდია და აქციის მონაწილეებს ფესტივალის ტერიტორიასთან მიახლოების საშუალება მიეცათ, რის შემდეგაც შსს-მ ფესტივალის ორგანიზატორების ევაკუაცია განახორციელა და ამავდროულად ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებს მისცა უფლება კერძო ტერიტორიაზე შესულიყვნენ და გადაემოწმებინათ ამ ფაქტის სინამდვილე. საგანგაშოა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე თავისუფლად შეღწევის შედეგად პროკრემლისტურმა დაჯგუფებებმა დააზიანეს და დაწვეს ფესტივალის ორგანიზატორების კუთვნილი ნივთები და ინვენტარი. 

დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა რეალური ნება, შეესრულებინა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებები და გაეკეთებინა ყველაფერი, რათა ფესტივალის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა სრულ თანხვედრაშია ძალადობრივი ჯგუფების ნარატივთან. 

დღევანდელი მოვლენებით ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში არ არსებობს პოლიტიკური ნება ყველას უფლება იყოს დაცული. ამის სანაცვლოდ, მმართველი ძალა ღიად დემონსტრირებს ძალადობრივი ჯგუფების მხარდაჭერას და ცდილობს მათ წარმოჩენას უმრავლესობად, რაც ხელისუფლების  გათვლებით მისი ძალაუფლების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.