GDI-ის განცხადება “აიისას” საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

2018 წლის 15 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ლევან მურუსიძემ,  ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა  და არ დააკმაყოფილა „აიისას“ საჩივარი დაპირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიგვაჩნია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის სახიფათო პრეცენდენტებია. სასამართლოებმა სრულად უგულვებელყვეს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტები და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს ისეთი კატეგორიებით, როგორიცაა საჯარო მორალი, ეთიკა, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები და სხვა. საბოლოოდ, „აიისას“ ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა, ხოლო, დამატებითი ღონისძიების სახით კი არაეთიკურად მიჩნეული გამოსახულებების და წარწერების გავრცელების აკრძალვა და მათი საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან ამოღება დაევალა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უზენაესს სასამართლოში არ საჩივრდება.

მიგვაჩნია, რომ  სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების საჯარო მორალითა და ეთიკით შეზღუდვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ საკითხის არაეთიკურობას საზოგადოებაში საქმის განხილვის დროისათვის გაბატონებული შეხედულებებით შეაფასებს. სასამართლო პირდაპირ მიუთითებს: “სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს არსებული შეხედულებებით და გაუმართლებელი თავდასხმისგან დაიცვას ამ შეხედულების მქონე პირთა მორალური და ზნეობრივი დამოკიდებულებები და რელიგიური გრძნობები.”  ეს მიანიშნებს, რომ სასამართლო არა კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციურ სტანდარტებზე, არამედ უმრავლესობის ნებასა და მათ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ მისივე ციტირებულ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ამოიკითხა, რომ დემოკრატიული საზოგადოება ტოლერანტულია არა მხოლოდ გაბატონებული აზრებისა და შეხედულებების მიმართ, არამედ, ისეთი აზრების მიმართაც, რომელიც საზოგადოების უმრავლესობისათვის შესაძლოა მიუღებელი იყოს.  ევროპული სასამართლო Sekmadienis-ის საქმეში დაეყრდნო რა ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას, განმარტა, რომ არცერთი ხედვა ან იდეოლოგია [მაგალითად რომელიმე კონკრეტული რელიგიური ჯგუფის] არ შეიძლება გამოცხადდეს სავალდებულოდ და ინდივიდზე თავსმოხვეულად, და სახელმწიფოს არ გააჩნა არავითარი უფლება ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა.

აღსანიშნავია, რომ საერთო სასამართლოებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის არასწორი ინტერპრეტაციით საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სტანდარტები უგულებელყვეს. სააპელაციო სასამართლო ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი მას საჯარო მორალისა და პირთა რელიგიური გრძნობების დაცვას ავალდებულებს. თუმცა, სასამართლო არაფერს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ევროპულზე უფრო მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საჯარო მორალით ან/და სხვათა რელიგიური გრძნობებით. 

სააპელაციო სასამართლოს კონვენციის მე-9 მუხლით გარანტირებული უფლების (რელიგიის თავისუფლების) დაცვასთან  დაკავშირებით გადაწყვეტილებაში სახიფათო განმარტებები აქვს გაკეთებული.  სასამართლომ, ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე ფრაგმენტულად დაყრდნობით მიანიშნებს, რომ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან” დაცვა რელიგიის თავისუფლებით დაცული უფლებაა. ამის საპირისპიროდ კი თანამედროვე ევროპული სტანდარტებით მიიჩნევა, რომ მკრეხელობისათვის პასუხისმგებლობის დაწესების დრო დასრულდა[1], ხოლო რელიგიურ ჯგუფებს აქვთ ვალდებულება, ტოლერანტულები იყვნენ კრიტიკული საჯარო განცხადებებისა და დებატების მიმართ, რომლებიც მათ აქტივობებს, სწავლებასა და რწმენას ეხება[2]. 

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ცხადად არაკონსტიტუციურობის მიუხედავად,  არცერთი ინსტანციის სასამართლომ  არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის თაობაზე. 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილება მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის, ამასთან, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციასთან, ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. მეტიც, გამოხატვის თავისუფლების დასახელებული საფუძვლით შეზღუდვა ცენზურის სახიფათო პრეცედენტია.

GDI აგრძელებს „აიისას“ და მისი დამფუძნებლის სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში.

[1] ევროპული საბჭოს რეკომენდაცია 1805(2007) „მკრეხელობა, რელიგიური შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა ადამიანთა წინააღმდეგ მათი რელიგიის გამო“ §4 http://www.assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTML-en.asp?fileid=17569&lang=en

[2] Ibid §5