GDI-მ საქართველოს პარლამენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა

2018 წლის 15 ივნისს GDI-მ  საქართველოს პარლამენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა.

 

კანონპროექტის ინიცირების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კონსტიტუციის 25-ე მუხლში შესული ცვლილებები, რომელიც შემდეგნაირად ყალიბდება: „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოების შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“  აღნიშნული ფორმულირების გათვალისწინებით ცვლილებების განხორციელების საჭიროება უდავოდ დგას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. თუმცა გარდა ტექნიკური/ტერმინოლოგიური ცვლილებებისა, ინიცირებული ვარიანტით კონკრეტდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მოიაზრებიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს მოსამსახურეებში.

 

ჩვენი შეფასებით, ინიცირებულ ვარიანტში მითითებული ჩამონათვალი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდვის დაწესება მოხდეს იმაზე მეტი პირისათვის, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია ადგენს. კერძოდ თითოეულ პუნქტში საუბარია არა ამა თუ იმ უწყების კონკრეტული თანამდებობის პირებზე, არამედ ამ უწყების/დეპარტამენტის თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე, რის გამოც შეზღუდვის ფარგლებში ფაქტობრივად მოექცნენ სამოქალაქო პირებიც, რომლებიც მართალია მუშაობენ შესაბამის უწყებაში, თუმცა ასრულებენ ადმინისტრაციულ ან სხვა სახის ფუნქციას, რასაც არ აქვს შემხებლობა საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვასთან. 

 

GDI-ს შენიშვნებსა და მოსაზრებებში განხილულია შეკრებისა და მანიფესტაციის  თავისუფლების არსი, აგრეთვე შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობის შეზღუდვის კონსტიტუციური და ევროპული სტანდარტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციით დადგენილი შეზღუდვის კანონმდებლობაში სწორად ასახვისათვის, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ნაცვლად უწყებებისა, განისაზღვროს კონკრეტულ პირთა თანამდებობები და წოდებები, რომლებზეც გავრცელდება შეზღუდვა. იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ორგანოსათვის შესაძლოა რთული იყოს ასეთ თანამდებობათა ამომწურავი ჩამონათვალის იდენტიფიცირება, მიზანშეწონილია ამ პირთა განსაზღვრა მოხდეს თითოეული უწყების ხელმძღვანელის მიერ კანონქვემდებარე აქტით, ხოლო კანონში მიეთითოს ამ უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობა, შესაბამისი ორგანოები და სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მოხდება ამ პირთა იდენტიფიცირება. ასეთ სტანდარტად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივ სახელმძღვანელო პრინციპებში მითითებული კრიტერიუმები: (ა) ნეიტრალურობის შენარჩუნება და (ბ) ამ პირთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა.