GDI-მ, 2021 წლის 15 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. კონსტიტუციური სარჩელით სადავოა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა ის შინაარსი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ნორმები, არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (საგამოძიებო ორგანოთა) იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია შეწყვეტილ სისხლისსამართლის საქმის მასალების შენახვასა და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემაზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს. კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ემსახურება, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ღია მმართველობა არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ნდობის განსამტკიცებლად, სამართალდარღვევების (მაგალითად, კორუფცია, ნეპოტიზმი, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა) პრევენციისა და არსებული დარღვევების დროულად გამოსავლენად“
GDI-ს მიაჩნია, რომ შეწყვეტილი სისხლისსამართლის საქმეებზე აღარ არსებობს გამოძიების ინტერესი და ნებისმიერი დაინტერესებული პირისითვის მასზე, როგორც საჯარო ინფორმაციაზე, წვდომა კონსტიტუციით არის გარანტირებული, ასეთის არსებობა კი ხელს შეუწყობს საგამოძიებო ორგანოებზე საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას.