სიახლეები

26
მარტი2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

სასამართლო მეგობრის მოსაზრება შეეხება კანონის უკუძალის აკრძალვის პრინციპის მნიშვნელობას სისხლის სამართალში. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ხანდაზმულობის ვადების პირის საუარესოდ რეტროაქტიულად გამოყენების დაუშვებლობაზე, რომელიც სსსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო სსკ-ს 71-ე მუხლის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნული საკითხი აქტუალურია განსახილველ საქმეში, რამეთუ ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდების მხარე ედავება 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე და იგი ბრალდებულია სსკ-ს 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო 10 წელი (სსკ-ს 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტი, 2004 წლის 24 ნოემბერს მოქმედი რედაქცია), ხოლო 2006 წლის 25 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, ამ დანაშაულისათვის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 15 წელი (სსკ-ს 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ1“ ქვეპუნქტი). ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სწორედ ამ გაზრდილი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, 2019 წლის 19 ნოემბერს წარედგინა (15 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დგას მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრის წინაშე- დაადგინოს ის, თუ რამდენად შესაბამისობაშია სისხლის სამართლის კოდექსთან (განსაკუთრებით მის მე-2 მდა მე-3 მუხლებთან) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არა 2004 წლის 24 ნოემბერს მოქმედი კანონის, არამედ 2006 წლის 25 ივლისის კანონის გამოყენება და ამდენად გახანგრძლივებული ხანდაზმულობის ვადის პირობებში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში გამოკვლეულია ერთი მხრივ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაცული სფერო და მისი მოქმედების ფარგლები, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის  შინაარსი. ამავდროულად, დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის N1/1/428,447,459 გადაწყვეტილება,  რომელიც სწორედ სსკ-ს მე-3 მუხლის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა.

საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა შემდეგი:

  • საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი მიდგომით უკუძალის აკრძალვის პრინციპის კონსტიტუციური დებულება ფართო შინაარსის მატარებელია და ტერმინი „პასუხისმგებლობა“, რომელთანაც დაკავშირებულია კანონის რეტროაქტიულად გავრცელების აკრძალვა, მოიაზრებს ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობას, მათ შორის კი პირობით მსჯავრის დაწესებას/შეცვლას და ხანდაზმულობის ვადის გაზრდას.
  • აღნიშნულისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, როგორც სიტყვისმიერი, ისე სისტემური განმარტების პირობებში არ იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს, არის თუ არა ამ ნორმით დაცული სფერო იმავე მასშტაბის, რაც კონსტიტუციური დებულება, თუმცა როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, მას აქვს ამგვარად განმარტების რესურსიც. რაც იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის გამოყენებით, საერთო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ სრული შესაძლებლობა და ბერკეტი (მეტიც, ვალდებულება) სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ კონსტიტუციის შესაბამისად განმარტონ და მასში მოიაზრონ რეტროაქტიულად გაზრდილი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საკითხიც. 
  • ამავდროულად, ხაზგასასმელია ნამდვილი და არანამდვილი უკუძალის აკრძალვის საკითხი, რომელიც არ წარმოადგენს საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტს, არამედ არის ე.წ. „შერეული“ სკოლის მიმდევართა კომპრომისული მიდგომის გამოძახილი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.
  • საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც ხშირია ხელისუფლების ცდუნება სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივებზე განახორციელოს, მაღალია ხანდაზმულობის ვადების პოლიტიკური მოტივებით გამოყენების რისკებიც. აღნიშნული ეხმიანება იმ თეორეტიკოსთან შიშებს, რომლებიც ემხრობიან ხანდაზმულობის ვადების მატერიალური სამართლის ნაწილად განხილვას.
  •  აქვე ხაზგასასმელია ის, თუ როგორ არის მოწესრიგებული ეს საკითხები სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოში: სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება (შებამისად, მისგან გათავისუფლების საფუძვლები) მატერიალური სამართლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელზეც ვრცელდება/უნდა გავრცელდეს უკუძალის აკრძალვის პრინციპი მისი სრული მოცულობით. ხოლო ასეთ დროს სისხლის სამართლებრივ დევნას, როგორც პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, აზრი და ლოგიკა ეცლება. სხვა შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობაში მოვალთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის მთლიან ლოგიკასთან და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პრინციპის სულისკვეთებასთან.

ვიმედოვნებთ, წარმოდგენილ დოკუმენტში განვითარებული მსჯელობები გაზიარებული იქნება სასამართლოს მიერ და იგი მნიშვნელოვნად დაეხმარება მას საქმეზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

სხვა სიახლეები

არქივი

03 აპრილი, 2020

ხელმომწერი ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან

02 აპრილი, 2020

ხელისუფლებამ პანდემიის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრიტიკული აზრის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენოს

26 მარტი, 2020

GDI-მ სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

25 მარტი, 2020

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ განცხადება ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების მიმართ მომძლავრებული ქსენოფობიის შესახებ