საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მიყურადებასთან დაკავშირებით

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს დღეს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მიერ, საგანგებო ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ფარულმა წყარომ მიაწოდა  “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ სამუშაო კაბინეტებში აღმოჩენილი იქნა, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობებისთვის და ფარული ვიდეოკამერებისთვის განკუთვნილი დაზიანებული ადგილები.

 

აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოში კვლავ მწვავე და აქტუალურია უკანონო მიყურადებისა და ადამიანების პირადი ცხოვრების უხეში ხელყოფის პრობლემა, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის განვითარების სფეროში. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება ჟურნალისტურ საქმიანობას და მედიის დამოუკიდებლობას, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში ერთ-ერთ ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს.

 

ყოველივე ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, პირველ მაისს გაკეთებულ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ფარული მოსმენების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ უსაფუძვლოს და მეტიც, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულს უწოდებს. აღნიშნულის საპირისპიროზე მეტყველებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის მიერ გამოთქმული წუხილის აქტუალობა და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ ეფექტური ღონისძიებების გატარების აუცილებლობა.

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, ჩაატაროს ობიექტური, სრულყოფილი და დროული გამოძიება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობის მიმართ უკანონო მიყურადების თაობაზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დააჩქაროს “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიღება, რომლითაც უფრო გამჭვირვალე და კონტროლირებადი გახდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული ოპერაციები და განისაზღვრება ეფექტური მექანიზმები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თავიდან ასაცილებლად.