2013 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა საქართველოს კანონპროექტი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ კანონპროექტი არ შესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დებულებებს.
საკითხის უაღრესად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, სადაც ჩვენი ინფორმაციით ჩადებულია თავი ადგილობრივი დემოკრატიის შესახებ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას თავი შეიკავოს ნაჩქარევი ქმედებებისგან. აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის მიერ კოდექსის პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებამდე, კანონპროექტი ექსპერტიზისათვის გადაგზავნილ იქნას ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებში, დაველოდოთ ევროპის საბჭოს დასკვნას და ჯეროვნად გავითვალისწინოთ შესაბამისი რეკომენდაციები. კანონპროექტის მიღებამდე, ასევე აუცილებელ პირობად მიგვაჩნია მისი საერთო საჯარო განხილვის საგნად ქცევა, რადგან ევროპული ქარტიის მიხედვით, მოსახლეობას გააჩნია გადამწყვეტი სიტყვა ადგილობრივი დემოკრატის ფორმირების პროცესში.
მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, ასევე საკმაოდ დაუსაბუთებლად მიგვაჩნია გუშინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას “საქართველოს დედაქალაქ- თბილისის შესახებ” კანონში, დაჩქარებული წესითა და ჯეროვანი ანალიზის გარეშე მიღება. აღნიშნული კანონი შეფასებული იყო ევროპის საბჭოს მიერ. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელივანია კანონში ნემისმიერი ძირეული ცვლილების შეტანამდე, შესაბამისი შეფასება და რეკომენდაციები მომზადდეს სწორედ ევროპის საბჭოს მიერ. გამოვთქვავთ იმედს, რომ ჩვენი რეკომენდაციები ჯეროვნად იქნება განხილული და გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ.