საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ „საქართველოს შრომის კოდექსის“ გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი „საქართველოს შრომის კოდექსის“ პროექტის მოსამზადებლად, რომელიც ინიცირებული უნდა იქნას საქართველოს პარლამენტში. დღეისათვის ხსენებული დოკუმენტი[1]გამოქვეყნებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე. სწორედ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ მომზადდა სამართლებრივი დასკვნა. 

 

კანონპროექტში წარმოდგენილი სიახლეები დასკვნაში ზოგადად პოზიტიურად არის შეფასებული, ვინაიდან მათი მიზანია დასაქმებულთა უფლებების უკეთ დაცვა. ამავდროულად მივიჩნევთ, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დებულება არა თუ აუმჯობებსებს დასაქმებულის მდგომარეობას, არამედ პირიქით, ხოლო მათი ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო და ბუნდოვანია.

 

ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც დასკვნაშია წარმოდგენილი, დაკავშირებულია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასთან. კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება შექმნის სიტუაციას, როდესაც დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, სამუშაო დრო განსაზღვროს არაუმეტეს კვირაში 41 საათისა (არასრულწლოვანის შემთხვევაში არაუმეტეს 36 ან 24 საათისა, მათი ასაკის გათვალისწინებით), ხოლო ამავდროულად ეძლევა უფლება, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის პირს ანაზღაურება მისცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის ხანგრძლივობა კვირაში 48 საათს აღემატება. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით ჩნდება შესაძლებლობა,  დამსაქმებელმა დასაქმებული კვირაში 7 საათი (ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში გაცილებით მეტი დრო), ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ამუშავოს.

 

მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის მოთხოვნა – შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება განისაზღვროს ორგანული კანონით, სახელმწიფოს არამარტო  ხსენებული საკითხების კანონით დაარეგულირების ფორმალურ ვალდებულებას აკისრებს, არამედ გულისხმობს კანონმდებლის მატერიალურ ვალდებულებასაც, ხსენებული ნორმატიული აქტით რეალურად უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვა. დამსაქმებლისათვის შესაძლებლობის მინიჭება, კვირაში რამდენიმე საათი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ზეგანაკვეთურად ამუშაოს დასაქმებული არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს და განსხვავებით „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციისაგან, აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას.

 

დასკვნაში ასევე წარმოდგენილია იმ ნორმათა ანალიზი, რომლებიც ბუნდოვანნი ან ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან.

 

ორგანიზაციის სახელით გამოვთქვამთ იმედს, რომ დასკვნაში წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები მხედველობაში იქნება მიღებული კანონპროექტის ავტორის მიერ და სწორედ მათი გათვალისწინებით მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში.

 

იხილეთ დასკვნის სრული ტექსტი 

 

[1] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1829489&lang=ge