სიახლეები

09
მაისი2021

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს.

გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ. მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა ანტონ ბულუხიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც.
მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით.