სამოქალაქო განათლება ყველასათვის (civiceducation.ge) ონლაინ პლატფორმის ფარგლებში GDI-იმ 2022 წელს სამოქალაქო განათლების მე-5 ონლაინ ოლიმპიადა გამართა და გამარჯვებულები გამოავლინა.
ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის XII კლასის მოსწავლე გელა კუხიანიძე, მეორე ადგილზე გავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის #3 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე სალომე ლომიძე, ხოლო მესამე ადგილზე თანაბარი ქულებით 2 მოსწავლე გავიდა: თბილისის 85-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ეკატერინე გიორგაძე და ქ. რუსთავის #10 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნინო მაისურაძე.
ოლიმპიადის წესების თანახმად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა ჯილდოდ ოლიმპიადის პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელს, კერძოდ, თბილისის 85-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, გოგი ლატარიას.
გამარჯვებულ მოსწავლეებს და მასწავლებელს პრიზები გადასცეს GDI-ის თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა, სამოქალაქო განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამების ხელმძღვანელმა მარი კაპანაძემ და კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გვანცა წულუკიძემ.
სერტიფიკატები და სხვა საჩუქრები გაეგზავნათ მე-4 - მე-9 ადგილზე გასულ მოსწავლეებს. გამარჯვებულ ათეულში იყვნენ კასპის, რუსთავის,ზესტაფონის, საჩხერის, წალენჯიხის და ქობულეთის სკოლების VII-XI კლასის მოსწავლეები. ოლიმპიადაში მონაწილეობა კი მიიღო 1440 - მა მოსწავლემ, მათ შორის 1282 -მა ქართულ ენაზე, 158 -მა კი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სამახსოვრო საჩუქრები გაეგზავნათ ასევე ოლიმპიადის სომხურ და აზერბაიჯანულ ვერსიაში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გარდაბნისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში.
2022 წლის სამოქალაქო განათლების ონლაინ ოლიმპიადა გაიმართა პროექტის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და გენდერული თანასწორობის წახალისება სამოქალაქო განათლების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება RFSU- სა და SIDA-ს დაფინანსებით.
GDI-მ civiceducation.ge 2016 წელს შექმნა და 2018 წელს დაამატა ვებ-რესურსის სომხური და აზერბაიჯანული ვერსიები, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად GDI აგრძელებს ვებ - გვერდის განვითარებას, რომელსაც უკვე 22 000 - ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.