GDI ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულების მიმართ დამდგარ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების ერთიანი პოლიტიკის ნაწილი - უარი თქვას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ სათანადოდ ბრძოლასა და მოძალადეების დასჯაზე. დღევანდელი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც დისკრიმინაციული მოტივით მოძალადეების სათანადო დასჯა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა.
4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის მიმართ განაჩენი გამოაცხადა. განაჩენის თანახმად, სამივე მათგანს სასჯელის სახით 5000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა ძალადობით და ჯგუფურად სხვისი საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის (სსკ-ს 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტი). თუმცა სასამართლომ ისინი გაამართლა დისკრიმინაციული ნიშნით დევნასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად გამოკვეთა სასამართლომ ჰომოფობიური მოტივი.
სასამართლოს მხრიდან 2021 წლის 5 ივლისს მასშტაბურ ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ფორმისა და ზომის დაკისრება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არც ერთი ხელისუფლების შტო არაა მოწოდებული ერთი მხრივ ებრძოლოს დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობას და დაუსჯელობის სინდრომს ქვეყანაში, მეორე მხრივ კი ამით წვლილი შეიტანოს ქვეყნის ევროინტეგრაციაში, რომელიც მსგავსი გადაწყვეტილებებით კიდევ უფრო მეტად მიუღწეველი ხდება.
GDI აგრძელებს 2021 წლის 5 ივლისს დაზარალებული აქტივისტებისა და ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ სამართლებრივ დახმარებას და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას გაასაჩივროს მიღებული განაჩენი, როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში.
ა