სიახლეები

18
აპრილი2020

რელიგიის თავისუფლების ფარგლები პანდემიის დროს

მოგეხსენებათ Covid-19-ის მიერ გამოწვეული პანდემიის საწინააღმდეგოდ და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლებამ, სხვა შეზღუდვებთან ერთად, დააწესა რეგულაციები, რომლითაც აიკრძალა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრება და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით[1], ასევე 17 აპრილიდან დაწესდა შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პირთა გარკვეული ჯგუფები უარს აცხადებენ ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე. ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, რომელიც არ აპირებს  მსახურების დროებით შეჩერებას და მეტიც, სასულიერო პირები ღიად მოუწოდებენ მრევლს, დაესწრონ წირვას ეკლესიაში[2]. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშოა მოახლოებული აღდგომის ფონზე, რომელსაც როგორც წესი მორწმუნეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეკლესიაში ხვდება. ამდენად, არსებობს საფრთხე, რომ მორწმუნეები, მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან, რაც სერიოზულად ზრდის ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკს.  აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არ არის საკმარისი შეკრებისა და გადაადგილების უფლებაზე დაწესებული რეგულაციები და საჭიროა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაც.

ზემოაღნიშნული გამოწვევების გათვალისწინებთ, წარმოდგენილ დოკუმენტში გაანალიზებულია ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც ადგენს რელიგიის თავისუფლების დაცულს სფეროსა და შეზღუდვის სტანდარტებს, მასზე დაყრდნობით კი შემოთავაზებულია ის გზები, რომლის გამოყენებითაც საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო/შეუძლია დააწესოს პირდაპირი შეზღუდვები ეკლესიებში მრევლის შეკრებასთან დაკავშირებით და ამდენად თავიდან აირიდოს ვირუსის მასობრივი გავრცელება.

კერძოდ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:

  • საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირთა უფლებას, შეიკრიბონ ეკლესიაში და მონაწილეობა მიიღონ საღვთისმსახურო რიტუალში. ეს უფლება დაცულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებითაც, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
  • გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესიაში შეკრება და საღვთისმსახურო რიტუალში მონაწილეობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით არის დაცული, საგანგებო მდგომარეობის საფუძველზე მიღებული დეკრეტით მისი შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნული უფლებიდან დეროგაციის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
  • ეკლესიაში შეკრება და საღვთისმსახურო რიტუალში მონაწილეობა დაცულია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ე.წ გარეგანი განზომილებით (Forum Externum). საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი კი უშვებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. შესაბამისად, მართალია დეკრეტით არ შეიძლება ეკლესიაში შეკრებისა და რიტუალში მონაწილეობის მიღების აკრძალვა, თუმცა აღნიშნულის გაკეთება ჩვეულებრივი წესით, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, დასაშვებია.
  • კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას ეკლესიაში შეკრებისა და საღვთისმსახურო რიტუალში მონაწილეობის მიღების აკრძალვა შეუძლია შემდეგი ალტერნატიული გზებით:
    • „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს „არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას“. ეკლესიაში შეკრება და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი რელიგიური რიტუალების ჩატარება, წარმოადგენს სწორედ ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევას. თუმცა ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, ამ დრომდე, სამწუხაროდ, ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია, რაც მნიშვნელოვანია რომ შეიცვალოს, რათა სულ მცირე სწორი და კონსტიტუციურ ვალდებულებებთან შესაბამისი მესიჯები ცხადდებოდეს ხელისუფლების მხრიდან.
    •  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია: „დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები“.  აღნიშნული ნორმა იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონქვემდებარე აქტით განისაზღვროს სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები იმდაგვარად, რომ პანდემიის დროს ეკლესიაში გარკვეული რელიგიური რიტუალების შესრულება აკრძალვის ფარგლებში მოექცეს.
    • მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა შესაძლებლობა,  ცვლილება განეხორციელებინა კანონმდებლობაში, რომელიც ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური გზა იქნებოდა. კერძოდ. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი ვალდებულებების აღსრულების მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დამკისრებელი განჭვრეტადი ნორმების არსებობა. ასეთი დებულებები შეიძლებოდა გაწერილიყო ერთი მხრივ ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა, მეორე მხრივ კი სისხლის სამართლის კოდექსში.
  • აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების, მათ შორის ინგლისისა და გერმანიის, მიერ გატარებული ღონისძიებების ანალიზი აჩვენებს, რომ არაერთმა დასავლეთ-ევროპულმა ქვეყანამ ძალიან მკაცრ ზომებს მიმართა, მათ შორის, რელიგიური რიტუალების ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა ახალი კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება თავიდან აერიდებინათ.

GDI იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს მასზე კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებებს, გამოიჩენს  პოლიტიკურ ნებას და მიიღებს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის გადამწყვეტ ზომებს, რითაც შესაძლებელი გახდება პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და ასობითა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.

 


[1]  „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] იხ. <https://civil.ge/ka/archives/347082> [ბოლო ნახვა 17.04.2020].