2016 წლის 16 სექტემბერს, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციტივამ“„დემოკრატ მესხთა კავშირთან“ პარტნიორობით გასვლითი საკონსულტაციო შეხვედრები გამართა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხესა და ჭელაში, პროექტის „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთ-დასავლეთი მართვის ინსტიტუტის“ (EWMI), (PROLoG) - USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სოფელ მოხესა და ჭელაში გამართული შეხვედრის მსვლელობისას ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა პროექტის ფარგლებში დამზადებული ბიოდეგრადირებადი შესაფუთი მასალა და ბროშურები რომლებზეც დატანილია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ახალციხისა და ახალქალაქის მისამართები და ცხელი ხაზის ნომრები რომელთა საშუალებითაც ბენეფიციარებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ უფასო იურიდიული დახმარება.
სოფელ ჭელაში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ და ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თემის უფლებების დაცვის საკითხზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
თემის წარმომადგენლებს შეხვედრების მსვლელობისას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა“ და „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტების მიერ გაეწიათ კონსულტაცია მათთვის აქტუალურ და პრობლემურ სხვა საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება, ქონების პირდაპირი წესით მიყიდვა და აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება, ასევე მოსახლეობისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების წესი და სხვა.