შეშფოთებას გამოვხატავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების გამო, რომელსაც ადამიანთა დაშავება მოყვა და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს ჩაატარონ სრული, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება სამართალდამრღვევ პირთა გამოსავლენად და პასუხისგებაში მისაცემად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები უარყოფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე, საფრთხეს უქმნის არჩევნების (განსაკუთრებით კენჭისყრის) მშვიდ გარემოში ჩატარებას და უარყოფით გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მშვიდობიანი და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფა უპირველესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1 ოქტომბერს, სოფელ დიდინეძში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. მათგან ორი, ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება სტაციონარში.
დაპირისპირების ფაქტს პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები არ უარყოფენ, თუმცა მომხდარის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ. აღნიშნულის გათვალისწინებით აუცილებელია სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება წარმართონ სწრაფად და ეფექტიანად, რათა გამოვლენილ იქნეს ინციდენტში მონაწილე ყველა სამართალდამრღვევი პირი და დადგინდეს სამართალდარღვევის გამომწვევი მიზეზი.
ამასთანავე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, მაქსიმალურად აარიდონ თავი მსგავს ინციდენტებში მონაწილეობას, რადგან 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, მშვიდობიან გარემოში ჩატარება გამარჯვებული პოლიტიკური ძალების ლეგიტიმაციის ერთერთი წინაპირობა, ხოლო ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია.