“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადება

2013 წლის 12 მარტს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 564 მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია (და არა ვალდებული) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამავდროულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი), თუ ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოს)  რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა), დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე ყოფილიყო გარკვეული დარღვევები, რომლებიც ფორმალურად საფუძველს მისცემდა საბჭოს ავტორიზაცია გაეუქმებინა აგრარული უნივერსიტეტისათვის, აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს რა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელს,  მიგვაჩნია, რომ მის მიმართ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება გაუმართლებელია. ამგვარი გადაწყვეტილება არა თუ ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების კუთხით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ ამოცანების განხორციელებას, არამედ პირიქით, უარყოფით გავლენას იქონიებს დასახულ მიზნებზე. ვთვლით, რომ სახელმწიფოს შეეძლო გამოიყენებინა მის ხელთ არსებული ნაკლებად მძიმე საშუალებანი, რაც დააკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ პროპორციულობის პრინციპის მოთხოვნებს და ამავდროულად გაფანტავდა საზოგადოების ნაწილში გაჩენილ ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით.