სიახლეები

03
მაისი2021

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შეფასება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

2021 წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც გაამკაცრა ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან შეურაცხყოფა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დადგენილი სანქციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ხელშესახები დასაბუთებისა და აუცილებლობის წარმოჩენის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და ამით ხელი შეუშალა საკითხის განხილვას საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამავდროულად, განხილვა თანაწილი ე.. კომენდანტის საათის დროს მიმდინარეობდა, რითაც  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ფაქტობრივად წაერთვათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ საგნობრივ დისკუსიაში და წარედგინათ საკუთარი პოზიციები პარლამენტში

GDI-მ შეისწავლა მესამე მოსმენით მიღებული კანონი. მომზადებულ დოკუმენტში მკაფიოდ წარმოჩენილია პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის სანქციების გამკაცრებასთან. მათ შორის, გამოიკვეთა, რომ: 

  • სამართალდამცავი ორგანოების მიერ 166-ე და 173-ე მუხლების გამოყენებისას გამოკვეთილი ხარვეზების (ა) და ზოგად ადადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების დროს გამოკვეთილი პროცედურული პრობლემების (ბ) გამო სანქციების გამკაცრება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაზე; 
  • არ არსებობს სანქციების გამკაცრების ლეგიტიმური მიზანი;
  • მიღებული ცვლილებები არ არის აუცილებელი და პროპორციული;
  • განმარტებით ბარათში მოხმობილი ქვეყნების გამოცდილება არარელევანტურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ხარისხზე, ეწინააღმდეგება კოსნტიტუციურ სტანდარტებს და არ მოდის თანხვედრაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასთანროგორც კანონის შინაარსი, ისე მისი მიღების დაჩქარებული პროცესი მიუთითებს, რომ  ხელისუფლების რეალური მიზანი ქვეყანაში რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით კრიტიკული  აზრის ჩახშობაა.