საქართველოს დემოკრატიული ინიციატვიის (GDI) მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრებისადმი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატვია (GDI) მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება და მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის მოთხოვნით, ხოლო, იმის გათვალსიწინებით, რომ ხსენებულ დავას საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური სუბიექტი ყავს, GDI გამოთქვამს მზადყოფნას საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის ინტერესები. შესაბამისად, თანამშრომლობას ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ პარლამენტის წევრს ან/და პოლიტიკურ ჯგუფს, როგორც კონსტიტუციური სარჩელის მომზადების, ასევე განსახილველ საქმეზე წარმომადგენლობის კუთხით.

 

2016 წლის 13 აგვისტოდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინაასაარჩევნო რეკლამა განთავსდა, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩევლებს არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდება.

 

პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი - საქართველოს ტერიტორიაზე „რუსული ბაზების დაკანონება“, არსებული მოცემულობის გათვალსიწინებით სხვა არაფერია თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული სამხედრო შენაერთების კანონიერად ცნობა (ხოლო უარეს შემთხვევაში დამატებითი სამხედრო ბაზების განთავსება) და ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხარდჭერა, რაც ცალსახად ანტიკონსტიტუციური საქმიანობაა.

 

საქართველოს კანონის „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია ისეთი პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ხოლო ამავე კანონის 35-ე მუხლის მიხედვით პარტიის აკრძალვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, და მისი საფუძველია პოლიტიკური გაერთიანების მიზნად ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ქონა.