2017 წლის 15 -17 ივნისს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების ფოკა და გორელოვკა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების იხტილასა და ხავეთის და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების აწყურისა და წყრუთის მოსახლეობასთან.
შეხვედრების მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობის, ნაადრევი ქორწინების არსაა და მის დაუშვებლობაზე. განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მემკვიდრეობის, თანასაკუთრების და განათლების უფლებაზე ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა. დისკუსიისას გამოიკვეთა ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა მოსახლეობის მხრიდან ნაადრევი ქორწინების გამართლება ტრადიციებზე მითითებით, ოჯახში ქალთა უფლებრივი მდგომარეობასა და ზოგადად რეგიონში უფლებებისა და თავისუფლებების ცოდნის სიმწირე, ენობრივი ბარიერი. აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში და ზოგადად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მძაფრად დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის, განსაკუთრებით ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრებში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაუცნობიერებლად ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად მიიჩნევს ოჯახში ქალთა მიმართ ისეთი ქცევების არსებობას, რაც აშკარად ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამოვლინებას წარმოადგენს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მემკვიდრეობის უფლებაზე ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების ძალიან დაბალი მგრძნობელობა. მათთვის ოჯახში მამრობითი სქესის მემკვიდრის არ არსებობა დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქალი სახლის და სხვა უძრავი ქონების მემკვიდრედ არ განიხილება.
გარდა პროექტის მიზნებით გათვალისწინებული საკითხებისა, იურისტებს შეხვედრის მონაწილეთა საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა საკითხებზეც მოუხდათ მათი კონსულტირება. მაგალითად, როგორიც არის, მიწის და ზოგადად უძრავი ქონების რეგისტრაციის, ვალის აღიარების, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მოპოვების საკითხი და სხვა.
შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ პროექტის იურისტების და უშუალოდ მათ რეგიონში მოღვაწე ადვოკატების საკონტაქტო ინფორმაცია და ეცნობათ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მზადაა აღმოუჩინოთ კვალიფიციური, უფასო იურიდიული დახმარება.
შეხვედრები გაიმართა პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში ააიპ „ჩართულობის და განვითარების ცენტრთან“ პარტნიორობით, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ახორციელებს East-West Management Institute , PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, კერძოდ, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის გეოგრაფია მოიცავს ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებს.