სიახლეები

10
აგვისტო2022

"შინ ევროპისკენ" კლიპის განთავსების გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია

მედიის ადვოკატირების კოალიცია საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული მაუწყებელი  “ფორმულა”, “მთავარი არხი” და “ტელეკომპანია პირველი” კამპანია “შინ ევროპისკენ” კლიპის ეთერში განთავსების გამო. 

სადავო რგოლი მაუწყებლების ეთერში 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ანონსის სახით გადაიცა. “ქართული ოცნების” შეფასებით, 2022 წლის 23-25 ივნისს გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა, ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას. ამდენად, თავადვე მიუთითებს, რომ წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა. 

მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეო რგოლების განთავსების ხელშეშლა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში. ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედიის მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი განიხილება. 2020 და 2021 წლებში კომისიამ “მთავარი არხი” უმაღლესი ზომით ორჯერ დაასანქცირა, მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის და თანაზომიერების პრინციპების სრული უგულვებელყოფით მიღებული გადაწყვეტილებები კოალიციის მიერ ცენზურის მცდელობად შეფასდა.  

მნიშვნელოვანია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად,  წინასაარჩევნო რეკლამად მიიჩნევა რგოლი, რომლის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შემოწმდეს მისი ფორმალური მხარე. კამპანია “შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.