ქართული ოცნება პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს არ დატოვოს სივრცე საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობისთვის

GDI ეხმაურება მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში,  გადაცემა “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტს სადაც საუბარია ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედი” და სხვა რამდენიმე ტელევიზია, აგრძელებენ რა მმართველი პარტიის კამპანიას, მიზნად ისახავენ დემოკრატიული ფასეულობებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. მათი ქმედებები სამართლიანად გვახსენებს იმ გზას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია პუტინის მმართველობის ადრეულ წლებში გადიოდა და რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაციების ჯერ რეგულირებით, ხოლო შემდეგ აკრძალვით დასრულდა. 

 

საგანგაშოა მმართველი პარტიის მიერ ძალიან მკაფიოდ და ღიად არჩული გეზი დასავლელი პარტნიორების, დასავლური ღირებულებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ. აშკარაა, რომ ქართული ოცნება ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთკონტროლის საბოლოოდ მოშლის შემდეგ, ცდილობს ხელისუფლების საქმიანობაზე იმ სუბიექტების კონტროლის განეიტრალებას, რომლებიც მათი პრინციპების, ღირებულებებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ცდილობენ ხელი შეუწყონ ქვეყნის დემოკრატიზაციას, არ მისცენ ხელისუფლებას შესაძლებლობა საბოლოოდ დაასამაროს ქვეყნის განვითარების პერსპექტივა. 

 

ქართული ოცნების კამპანია, გამოიგონოს სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური გაუმჭვირვალეობის პრობლემა და შემდეგ მისივე ინტერესების გამტარი ტელეკომპანიების მეშვეობით მოამზადოს ნიადაგი რეპრესიებისთვის, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა აღარავინ დარჩეს საქართველოში ვინც ქართული ოცნების შეცდომებზე, დანაშულებზე და ჩავარდნილ რეფორმებზე ისაუბრებს. ქართული ოცნების და მისი წარმომადგენლების რეალური ოცნებაა ნულოვანი ანგარიშვალდებულება საზოგადოებისადმი და სივრცე სადაც მათ არავინ გააკრიტიკებთ. რუსეთის ფედერაციის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მაგალითზე კი საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია წარმოიდგინოს თუ რა ჭაობი ისადგურებს ქვეყნებში, სადაც არ არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ზოგადად საზოგადოების კონტროლი ხელისუფლებაზე, ხოლო მმართველი პირი არა ხალხთან, არამედ მხოლოდ საკუთარ თავთან არის ანგარიშვალდებული.

 

ტელეკომპანია “იმედის” რამდენიმეკვირიანი საინფორმაციო კამპანია მიმართულია არა რაიმე საზოგადოებრივი სიკეთის შექმნისა და დაცვის, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ისინი მიზანმიმართულად, ინფორმაციის დამახინჯების გზით, თავს გვესხმიან არა მხოლოდ ჩვენ, არამად იდეას ქვეყანაში არსებობდეს უკვე ავტორიტარული რეჟიმის მაკონტროლებელი ძლიერი მექანიზმები სამოქალაქო ორგანიზაციების გზით. 

 

თუნდაც ერთი მაგალითი საკმარისია იმის აღსაქმელად თუ როგორ მიზანმიმართულად ამახინჯებს ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” და როგორ ცდილობს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას. GDI-ს ერთ-ერთ პროექტზე “იცნობდე შენს მოსამართლეებს” საუბრისას, გადაცემის წამყვანი, ირაკლი ჩიხლაძე, სიუჟეტის დაწყებამდე ამბობს, რომ ორგანიზაციას ამ პროექტის განხორციელებაში 230 000 დოლარი აქვს მიღებული. მაშინ, როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე გარკვევით წერია, რომ ეს თანხა არის არა დოლარი, არამედ ლარი. შესაბამისად, ცხადია რა მიზანი აქვს ტელეკომპანიას ხელისუფლების ინტერესების გატარებისას. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე GDI არ აპირებს ტელეკომპანიასთან რაიმე ფორმით კომუნიკაციას და ამ საკითხებზე სიუჟეტების მომზდებისას თანამშრომლობას. ჩვენ არ მივიღებთ იმ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობას, რომლის დღისწესრიგი წინასწარ დაგეგმილ და მიზანმიმართულ დისკრედიტაციას წარმოადგენს და ჩვენს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც კი დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას. 

 

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს და საზოგადოებას, რეალურად შეაფასონ საფრთხე რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ამ კამპანიის ფონზე ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშეა და ის განიხილონ, როგორც პუტინის რუსეთის გზა, რომელიც პუტინმა სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაიარა.