სიახლეები

08
სექტემბერი2021

წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს

GDI ეხმაურება საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენი და ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

აღსანიშნავია, რომ საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, “თუ თადუმაძე იყო პროკურორი, როცა კეზერაშვილს ბრალი წარედგინა, მე არ ვიცნობ ამ საქმეს, თუმცა თუ ასეთი გარემოებები ჩანს, ვფიქრობ, რომ ეს არის ინტერესთა კონფლიქტი და გიგი უგულავას შემთხვევაშიც ვთქვი და თუ ასეთი გარემოებებია ამ საქმეშიც, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ თუ ეს საქმე წავა სტრასბურგის სასამართლოში, სასამართლომ დაადგინოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა”

საქმე შალვა თადუმაძესთან ერთად საქმე კოლეგიური წესით განიხილეს ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. ამ უკანასკნელის სახელი უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, ე.წ კლანს. მერაბ გაბინაშილი იყო იმ 10 კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ყოველგვარი შერჩევის პროცედურების გარეშე წარედგინა საქართველოს პარლამენტს, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და მნიშვნელოვანი განხეთქილება შეიტანა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდშიც. იგივე შეიძლება ითქვას ლევან თევზაძეზეც, რომელიც მოიაზრება “კლანის” ერთ-ერთ გავლენიან წევრად. იგი უზენაეს სასამართლოში მესამე ცდით იქნა არჩეული და მის მიმართ წინა კონკურსის პირობებში აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა. პალატის წევრ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უარყოფითად იქნა შეფასებული როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას როგორც ამ კონკრეტულ, ისე ყველა სხვა სამომავლოდ განსახილველ საქმეზეებზე. 

პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც - "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს".  პრემიერის განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც სასამართლოს მიმართ მმართველი პარტიის პირდაპირი დავალება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ამასთანავე, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა. 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც.

აქვე საყურადღებოა რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ. გამოძიების ფარგლებში არაერთხელ იყო გამოკითხული, „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძეც. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიის თავისუფლების გაუარესების პირდაპირი დასტურია. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცავადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ, პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას.

შესწორება: განცხადებაში მითითებული ცნობები იმის თაობაზე, რომ ტელეკომაპანია “ფორმულას” მფლობელისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა, დამატებით მოძიებულ წყაროებზე დაყრდნობით არ შეესაბამება სინამდვილეს.