თანასწორობა

მთის კანონი - კონსტიტუციური სარჩელი უცხოელების დისკრიმინაციულად მოპყრობასთან დაკავშირებით

2016 წლის ივლისში GDI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს კანონის „მაღალმთლიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.

სადავო ნორმის თანახმად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოიპოვონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი არის რიგი სოციალური დახმარებების მიღების წინაპირობა, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელთა გაზრდის მიზნით. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არათანაბარ პირობებში აყენებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქებს.

GDI-ის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.  საქართველოს მოქალაქეობის და მოქალაქეობის არმქონე პირები არსებითად თანასწორნი არიან, კერძოდ ისინი თანაბრად მონაწილეობენ მაღალმთიანი რეგიონების კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში. მიუხედავად ამისა, მოქმედი რედაქციით მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოსგან რიგ სოციალურ დახმარებებს იღებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე მაცხოვრებლები. აღნიშნული არღვევევს თანასწორობისა და კონსტიტუციით გარანტირებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპს. ამასთანავე, ამგვარი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის თავად კანონის მიზნებთანაც, რაც გულისხმობს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობას, არამედ ზოგადად მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა ეკონომიკურ და სოცილაურ განვითარების ხელშეწყობას მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.

2017 წლის 15 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული კონტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.

2018 წლის 7 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი.