სიახლეები

20
სექტემბერი2021

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება

GDI წარმოგიდგენთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ვაკანტურ პოზიციებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატების საპარლამენტო მოსმენების მონიტორინგის ანგარიშს. 

2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წარდგენილი 9 კანდიდატიდან, 6 მოსამართლე საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ განწესდა. ქვეყნის საერთაშორისო პრატნიორებისა თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და ფაქტიურად ერთპარტიული მხარდაჭერით აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ანგარიშის მიხედვით, “ქართული ოცნების” ეს ნაბიჯი სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის - კლანის ინტერესების გატარებად არის შეფასებული, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს ლეგიტიმაციის ნაკლებობის პრობლემა.

ანგარიშის მიხედვით, მართალია წინამდებარე კონკურსი 2019 წელს ჩატარებულ ანალოგიურ პროცესთან  შედარებით გაუმჯობესებული პროცედურისა და წესების საფუძველზე წარიმართა, თუმცა უშუალოდ პროცესში შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებული არანაკლები ხარვეზი გამოვლინდა. თვალშისაცემი იყო ის განსხვავება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მომზადებულ შეფასებასა და საკომიტეტო მოსმენის დროს რეალურად ნაჩვენებ შედეგებს შორის არსებობდა. კანდიდატები, რომელთა პიროვნულ თუ პროფესიულ, ასევე კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საბჭოს წევრები მაღალ შეფასებას აძლევდნენ, საკომიტეტო მოსმენების დროს ხშირად კარგავდნენ წონასწორობას და მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქცევით გამოირჩეოდნენ.

ოპოზიციური პარტიებისა და არასაპარლამენტო ინსტიტუტების ნაწილის უარმა პროცესში მონაწილეობაზე, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კონკურსზე. გარდა იმისა, რომ პრობლემური იყო კრიტიკული კითხვების ნაკლებობა, ფაქტიურად არ გაჟღერებულა კანდიდატთა ღირებულებით სისტემასთან დაკავშირებული შეკითხვები, რაც საზოგადოებას მისცემდა შესაძლებლობას შეექმნა წარმოდგენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით. 

უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებით დაკომპლექტებამ, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში არსებობს მნიშნელოვანი კითხვები, ამძიმებს სასამართლო სისტემაში არსებულ ისედაც პრობლემურ სიტუაციას, კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების ნდობას სისტემის მიმართ და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებაზე.