ხელისუფლება კრიტიკული აზრების გაჟღერებისთვის აქტივისტებს სჯის

2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ.” სასამართლომ დააკმაყოფილა ნინო წილოსანის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის წევრის, ნინო წილოსანის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც მან სადავოდ გახადა სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის მიერ 2019 წლის ზაფხულში გაკეთებული განცხადებები. სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ნინო წილოსანი იყო შპს „სანოს“ მფარველი, ე.წ „კრიშა”. ნინო წილოსანი სარჩელში უთითებდა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით მას შეელახა პატივი და ღირსება, რის გამოც მან მოითხოვა გავრცელებული ცნობების უარყოფა.

შოთა დიღმელაშვილმა სასამართლოში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განცხადებების გაკეთების დროს ის მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი და მან საზოგადოებას გააცნო საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ქართული ოცნების დეპუტატის კავშირის შესახებ შპს “სანოსთან”, რომელმაც, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ ქუთაისელი უსახლკაროებისთვის გამოყოფილი თანხიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარით მეტი დაუსაბუთებლად აიღო. მოპასუხემ განმარტა, რომ მის მიერ გაჟღერებული დასკვნები საჯარო წყაროებში არსებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამასთან, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნინო წილოსანი წარმოადგენს მაღალი თანამდებობის მქონე პირს, რომელსაც მსგავსი განცხადებების მიმართ თმენის მეტი ვალდებულება გააჩნია.

სამწუხაროდ, სასამართლომ უგულებელყო ევროსასამართლოსა და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა და არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მოსამართლე დაეთანხმა მოსარჩელეს და აღნიშნა, რომ გაჟღერებული განცხადება ობიექტური დამკვირვებლისთვის აღიქმებოდა ფაქტად, რომლითაც ნინო წილოსანს შეელახა პატივი და ღირსება.

საყურადღებოა, რომ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით. მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას და მიზნად ისახავს ჟურნალისტების/მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ. SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებულად საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები.

შოთა დიღმელაშვილის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. GDI მედიის თავისუფლების საკითხებზე საქმიანობას, მათ შორის განხილულ საქმეზე იურიდიულ მხარდაჭერას ახორციელებს ევროპული დემოკრატიის ფონდთან (EED) პარტნიორობითა და მხარდაჭერით პროექტის „მედიის თავისუფლების დაცვა კანონმდებლობაში, ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლო პრაქტიკაში რეგულაციების გაუმჯობესების გზით“ ფარგლებში.